ვაზი ვარ, გესმის? ვაზი მესხისა.
ვაზი ვარ მესხის, არ ვარ მე სხვისა.
ვაზი პირველი, ვაზი გლეხისა,
გამოღვიძება ძლივს რომ მეღირსა.
გელოდებოდი, ქართველო ჩემო,
არ გადავშენდი ამდენი წელი.
სად არ ვიმალე, ო, ღმერთო ჩემო,
სანამ არ მომწვდა მშრომელი ხელი.
მთებზე, კლდეებზე, სადღაც შემოვრჩი,
ერთ დროს პირველს რომ მთვლიდა კახელი,
გამორჩეული ფერით, გემოთი,
შემომცქეროდა ყველა ქართველი.
მკაფავდა ვერაგ სპარსი, ოსმალო,
მადინა სისხლი, ცეცხლში ჩამყარა.
რატომ გამრუდდი, ბედის ბორბალო?
უნდა გვეწურა ღვინო კამკამა.
დიდება გამჩენს! დედაო ღვთისავ,
ისევ ამიხდა გულის წადილი.
სტუმარო ჩემო, ჯიგარო ძმისავ,
უნდა შეგასვა ღვინო ნამდვილი.
დარიჯებს ვავსებ საჯიშე ყურძნით,
ცხენის ძუძუ და ვაზი თამარის.
კიდევ ბევრია, რა მოსთვლის ფუძით.
მესხეთის მსგავსი მიწა არ არის.
როგორც მესხები ლეწავდნენ მომხვდურთ,
ჯავახნი პირველს ტეხდნენ ყიჟინას,
მე ვამხნევებდი ვეფხვებს და ლომგულთ,
და ეხლა მე თქვენც გეტყვით იცით რას?
ვერ იქართველებთ ერში უჩემოდ,
უღვინოდ ლხინი არ გატარდების.
ვერას იგლოვებთ ჭირშიც უჩემოდ,
უჩემოდ წირვაც არ ჩატარდების.
პური და ღვინო იკურთხოს მესხის.
ქრისტემ გვიკურთხა ხორცი და სისხლი.
ისევ აღვსდექი განგებით ღმერთის,
ვერ დამაჭირეს ბოლომდე წიხლი.
ვაზი ვარ მესხის, ვაზი პირველი,
სადაც დაირწა ღვინის აკვანი.
ვაზი ვარ ბევრი ჭირის მხილველი,
ვინ იცის, კიდევ ბევრის ამტანი.
- Author: შავლეგო ოცხელი (Pseudonym) ( Offline)
- Published: August 16th, 2023 06:49
- Category: Unclassified
- Views: 2
To be able to comment and rate this poem, you must be registered. Register here or if you are already registered, login here.